Lethe

Civil War – რეცენზია

Civil War

პოსტი შეიცავს…. პოსტი თავიდან ბოლომდე სპოილერია

Civil War-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა. პირველი მათგანი, ალბათ, წნეხის გაძლება იყო – კომიქსის მოყვარულთათვის Civil War სენსიტიური თემაა, რაც შეეხება ფილმების მოყვარულებს, კარგმა თრეილერმა და ზოგადად, ფილმების სტანდარტულად მაღალმა ხარისხმა მოლოდინები ძალიან გაზარდა და ფაქტობრივად, მოთხოვნებად აქცია. შესაბამისად, თავიდანვე ცხადი იყო, რომ ფილმს სერიოზული გამოცდის გავლა მოუწევდა.

პირველივე თრეილერიდან ნათელი გახდა, რომ ფილმის სიუჟეტი კომიქსის სიუჟეტს პირდაპირ არ დაემთხვეოდა, ამიტომ პოსტში შედარებებსა და “კომიქსში ის უკეთესად იყო” ან “ეს მომენტი რატომ არ გამოაჩინეს”-ს ადგილი არ ექნება.

ფილმის შემდეგი ამოცანა ახალი პერსონაჟების წარდგენა იყო. პირველ რიგში ეს ეხება Black Panther-სა და Spider-Man-ს, თუმცა მაგალითად, Zemo-ც საინტერესოდ გამოვიდა. საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ახალი პერსონაჟების შემოყვანა წარმატებით მოხერხდა: Black Panther-მა შეძლო და დატოვა ერთდროულად გაწონასწორებული (რაც არცთუ მარტივია იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის უდიდესი ნაწილი შურისძიების იდეით შეპყრობილი დარბოდა წინ და უკან) და badass მებრძოლის შთაბეჭდილება. პირველივე სცენაში გემრიელად მიტყიპა Winter Soldier, რომელმაც მანამდე მთელი ავსტრიული არმია “გალახა ცალი ხელით” და თავი დაიმკვიდრა, როგორც ანგარიშგასაწევმა ძალამ.

T'Challa (Black Panther)

Chadwick Boseman

ფილმის ნამდვილი ვარსკლავი ახალი Spider-Man გახდა. ობობას და ტონის პირველი შეხვედრა იდეალურია. დიალოგი ძალიან სასაცილო გამოვიდა, ხოლო კითხვას, თუ როგორ აპირებდა ტონი პიტერის გადმობირებას, მოკლე პასუხი გაეცა – ძალიან მარტივად. აეროპორტის ბრძოლის სცენაში Spider-Man აჩვენებს კარგ სამომავლო პოტენციალს (პერსონაჟი, მებრძოლი, ლიდერი) და ამავდროულად არ კარგავს მისთვის მინიჭებულ “ყბედი ლაწირაკი”-ს ფუნქციას. თუმცა ყველაზე უფრო შვებისმომგვრელი ის ფაქტი იყო, რომ ბიძია ბენის სიკვდილზე რამდენიმე ლიტრი ცრემლი არ დაიღვარა. რაც შეეხება დეიდა მეის, იგი… ასე ვთქვათ, ყველას ძალიან მოგვეწონა.

შემდეგი ამოცანა, რომელიც ფილმს ჰქონდა, იყო სამოქალაქო ომის მიზეზების წარმოჩენა იმგვარად, რომ დაპირისპირება ბუნებრივად წარმოშობილიყო და ხელოვნურობა არ დასტყობოდა. ყველამ იცოდა, რომ მიზეზები ფილმის დასაწყისშივე სწრაფად გაირჩეოდა და შემდეგ მუშტი-კრივზე გადავიდოდით, მაგრამ მაინც არ იყო სასურველი, მიზეზების განმარტებას “აი თქვენ ნახევარსაათიანი შესავალი, ახლა კი ბრძოლის სცენებზე გადავიდეთ!” სახე მიეღო. ამავე საკითხთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია პერსონაჟთა პერსპექტივები – რატომ მიიღო კონკრეტულმა პერსონჟმა გადაწყვეტილება დამდგარიყო კაპიტნისა თუ რკინის კაცის გვერდით.

ამ მხრივ ფილმი გვარიანად მოიკოჭლებს. ერთმანეთში ირევა რამდენიმე მიზეზი – ნიგერიული ინციდენტი, გაეროს ინიციატივა, Bucky-ს გამოჩენა და ა.შ., თუმცა ეს რეალისტური მაინც არაა. არის მომენტები, სადაც ტონი და სტივი ორიოდ რაციონალურ არგუმენტს ამბობენ ინიციატივის შესახებ, თუმცა საერთო ჯამში, ყველაფერს მაინც ნაჩქარევი და არაბუნებრივი ელფერი დაჰკრავდა – “ხომ მაინც ყველამ იცით, რომ ახლა დაპირებულ მუშტი-კრივზე გადავალთ”. უნდა აღინიშნოს როლების მეტად საინტერესო გადანაწილება – სტარკი საქმეს აკეთებს, კაპიტანი ამერიკა პატარა ბავშვივით წუწუნებს.

ტონი სტარკი და სტივ როჯერსი

ტონი სტარკი და სტივ როჯერსი

გაეროს ინიციატივის შესაფასებლად აუცილებელია პირველი სცენის (ბრძოლა ნიგერიაში) დეტალური განხილვა, რომელშიც არაერთი ხარვეზი იკვეთება. პირველ რიგში, სრულიად აუტანელი კლიშე, როდესაც პერსონაჟი კაფეში მარტო ზის, მოსაუბრის გარეშე ხმამაღლა ლაპარაკობს და რეჟისორი ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ეს სრულიად ბუნებრივად გამოიყურება. არადა პერსონაჟი კაფეში იმისათვის დაჯდა, რომ ხალხს შერეოდა, ბუნებრივი ყოფილიყო და ყურადღება არ მიექცია, უცებ კი, თითქოს დემონი ჩაუსახლდაო, თავისთვის იწყებს ბუტბუტს. ამ დროს კამერა ოდნავ უკან იწევს და რას ვხედავთ – გვერდით მაგიდას, ასევე მარტო და ასევე უმისამართოდ მოლაპარაკე ნატაშა მისჯდომია! ეს ოხერი, არ შეიძლება ორივე ერთ მაგიდასთან დაჯდნენ და დიალოგის იმიტაცია მაინც შექმნან?

შემდეგი ეპიზოდია აფეთქების სცენა – თუ სწორად მახსოვს, აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. ზუსტად კი ის მახსოვს, რომ მოედანზე, სადაც ბომბი გააქტიურდა, გაცილებით მეტი ადამიანი იყო თავმოყრილი, თუმცა ეს არავის გახსენებია. არც ის მოსვლია თავში არავის, რომ ბიოლოგიური იარაღისათვის მასალების მოპარვას თავისი ნეგატიური ეფექტები აქვს, და ეს ნეგატიური ეფექტები ძირითადად 11-ზე მეტ გარდაცვლილს გულისხმობს. არგუმენტი ვალიდურია შემდეგი ათი წუთის განმავლობაში, სადაც დასატუქსი ბავშვებივით შეკრებილ შურისმაძიებლებს… შეკრებილ Avenger-ებს (აშკარად ასე ჯობია) წინა ფილმებიდან აჩვენებენ სცენებს და მსხვერპლის არსებობას აყვედრიან. ყველაფერი იმდენად იდიოტურად გამოიყურება, რომ ახსნაც კი არ არის საჭირო – გახსოვთ შუა ქალაქში უცხოპლანეტელთა არმია რომ შემოიჭრა? ის ტიპი, კაცობრიობის განადგურებას რომ აპირებდა და პლანეტას ქალაქი ჩაარტყა? 1 წამში რამდენიმე ასეული ადამიანის ამოწყვეტას და შემდეგ მსოფლიოზე კონტროლის მოპოვებას რომ აპირებდნენ, ის დაჯგუფება? ჰოდა, პერსონაჟებს ტუქსავენ, რომ მართალია, სრული კატასტროფა თავიდან აიცილეს, მაგრამ ხალხი მაინც დაიღუპა და არ იყო სასიამოვნო. თითქოს მსოფლიოს გადაუწყვეტია იმოქმედოს პრინციპით “ხვალინდელი გვამები გერჩივნოს დღევანდელ გვამს”. ერთადერთ ნორმალურ კომენტარს მეფე T’Chaka აკეთებს.

როგორც ჩანს, ფილმის შემქმნელებიც მიხვდნენ, რომ არგუმენტაცია უაზროდ გამოიყურებოდა და გაპრავება სცადეს, თუმცა Vision-ის მიერ მოყვანილი სტატისტიკა და განმარტება სრულიად არადამაჯერებელი იყო. თავისუფლად შეიძლებოდა ტექსტად შემდეგი ფრაზის გამოყენება: “ვიცი რომ უაზროდ გამოიყურება, მაგრამ ვიღაცას უნდა გაეპრავებინა, ამ ჯგუფში კი ყველაზე ჭკვიანად მე ვითვლები, ამიტომაც როლიც მე შემომეტენა. გთხოვთ, მოითმინოთ, სანამ წინადადებას ჩავამთავრებ და შემდეგ ფილმის ყურება განაგრძოთ”.

ნიგერიაში გამართულ ბრძოლას კიდევ ერთი დატვირთვა ჰქონდა – ვანდა სინდისის ქენჯნას უნდა დაეტანჯა. სავარაუდოდ, ეს იმისთვის იყო აუცილებელი, რომ ვანდას კაპიტანი ამერიკას მხარე დაეჭირა, რასაც მივყავართ კიდეც შემდეგ ფილმის ამოცანამდე – პერსონაჟების მიერ გაკეთებული არჩევანი.

ზოგიერთ პერსონაჟთან მიმართებით არჩევანი ცალსახაა, როდესაც Winter Soldier ხარ, რეალურად, არჩევანიც არ გაქვს. მოკლე, მაგრამ რეალურად, საკმაოდ კარგი ეპიზოდი იყო პარკერის გადაბირება. ფაქტობრივად, გადაბირებაც არ ყოფილა, ტონი სტარკმა ახლადგამომცხვარ სუპერგმირს კომისარიატის წარმომადგენელივით მიაკითხა სახლში. მაგრამ საერთო ჯამში ამ საკითხს ძალიან უხეშად აუარეს გვერდი. მაგალითად, Hawkeye, რომელიც სრულიად მოულოდნელად გაჩნდა და ახსნა-განმარტებებით თავი დიდად არ შეუწუხებია. ასევე Ant-Man – მოიყვანეს, იბრძოლა.

ბრძოლა ავსტრიულ აეროდრომზე

ბრძოლა ავსტრიულ აეროდრომზე

მოკლედ უნდა აღინოშნოს – გაეროს შენობის წინ, მითუმეტეს ამდენად მნიშვნელოვან კონფერენციაზე მანქანის შეყვანა და დატოვება იმდენად არარეალურია, რომ გაპრავებაც არავის უცდია. Just accept it and move on. ამის გარდა, ყურადღებას იქცევს სცენა, რომელშიც Winter Soldier ვერტმფრენით ცდილობს გაქცევას, ხოლო კაპიტანი ამერიკა ხელით იჭერს ვერტმფრენს. კაპიტანი ამერიკას ძალებში ეჭვის შეტანას ვერ გავბედავ, მაგრამ აი იმ მოაჯირის სიმყარეში, კაპიტანი რომ ებღაუჭება…

ასევე არარეალისტურია სრულიად უცნობ ადამიანებთან პრეზენტაციის მომზადებისას ვინმეს დახოცილი მშობლების თემატიკა მოუვიდეს თავში. გასაგებია, რომ მოგონებების ხორცშესხმაზეა საუბარი, მაგრამ ამისთვის ნაკლებ-ბეტმენური მოგონებებიც არსებობს. რაიმე პოზიტიური სცადე, ასე პატრონუსს ვერ გამოიძახებ, ტონი.

გარდა ამისა, ოდნავ არაბუნებრივია ეპიზოდი, როდესაც აეროდრომზე ბრძოლის შემდეგ კაპიტანი და Bucky თვითმფრინავით მიფრინავენ, თავისთვის ლაპარაკობენ და თავში აზრადაც არ მოსდით ისეთი ელემენტარული მოქმედება, როგორიცაა მაგალითად, Voice Mail-ის გაგზავნა ტონი სტარკისთვის. ორივემ იცის, რომ ისეთი ინფორმაცია აქვთ, რომელიც დაპირისპირების არსს სრულიად ცვლის. ორივემ იცის, რომ ტონის აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს, და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ თუ ინფორმაციას მიაწვდიან, ტონი მათ გვერდით დადგება. მაგრამ არა, არავის ახსენდება, რომ არსებობს კომუნიკაციის ისეთი საშუალებებიც, რომლებიც ინფორმაციის გადასაცემად აეროდრომზე გამართულ ცემა-ტყეპაზე გაცილებით ეფექტურია.

სტივ როჯერსი და სემ უილსონი

სტივ როჯერსი და სემ უილსონი

ფილმის ეფექტური იარაღია იუმორი. იგულისხმება არა მხოლოდ ის სცენები, რომელიც მთლიანად ხუმრობებზეა აგებული (მაგალითად, იგივე Spider-Man-ის დაკერვის სცენა), არამედ პატარ-პატარა ელემენტები, რომლებიც მთელს ფილმშია გაბნეული. მაგალითად, Falcon-ისა და Winter Soldier-ის ეშმაკურ-მამაკაცური თავის დაქნევა კაპიტანის კოცნის სცენის შემდეგ. ცალკე ოდა ეკუთვნის ფრაზას “I thought it was a water truck”. ასევე, აეროდრომზე გამართული ბრძოლის დროს, გიგანტური Ant-Man და Spider-Man-ის კომბინაცია ნებისმიერს მიახვედრებს, რომ ახლა Epire Strikes Back-იდან გიგანტური რობოტი-აქლემების სცენა გათამაშდება, ამიტომაც პიტერი თავად ახმოვანებს განზრახვას და დანარჩენებს ერთ “ძველ ფილმს” ახსენებს.

საერთო ჯამში, ფილმს სერიოზული ხარვეზები აქვს, მაგრამ ნახვა ღირს. ეპიკური ბრძოლები, კარგი ხუმრობები, სკარლეტ იოჰანსონი… მეტი რა უნდა ადამიანს ბედნიერებისთვის?

One comment on “Civil War – რეცენზია

  1. ვანდაზე სიტყვა არ გიწერია :/ ძალიან მეწყინა რადგან ვანდა ამ ფილმში ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი და განსხვავებული იყო რავიცი
    ვიჟენი პირდაპირი მნიშვნელობით გააააასწორა მიწასთან

Comment

Information

This entry was posted on May 6, 2016 by in რეცენზიები.