Lethe

ბულბული და ვარდი – ოსკარ უაილდი

მოშესავლო: ცოტა ხნის წინ დამჭირდა უაილდის ეს ტექსტი და ქართული თარგმანები, რბილად რომ ვთქვათ, არ მომეწონა, ამიტომ ნერვები მომეშალა და ვთარგმნე. ეს ტექსტი მხატვრულ სიტყვაკაზმულობაზე არ დებს თავს და არც უნდა დებდეს, მაქსიმუმ უაილდის იმიტაცია მეცადა და მოთხრობა გამეფუჭებინა. სიზუსტეზე აქვს აქცენტი, რაც შეიძლება ზუსტ და ნაკლებად დანაკარგიან თარგმანზე. ვინმეს თუ გამოგადგებათ, შეგარგოთ.

p.s. ყორანივით თარგმანის ცხრილი აღარ დავურთე, მგონი არ სჭირდება.

ბულბული და ვარდი

– ასე თქვა, წითელ ვარდებს თუ მივუტანდი, მაშინ იცეკვებდა ჩემთან, – ამოიძახა ახალგაზრდა სტუდენტმა, – მაგრამ ჩემს ბაღში წითელი ვარდები არ ხარობს.

იქვე, ქვამუხის ტოტზე მისი ხმა ესმა ბულბულს, ფოთლებსშორის გამოხედა და გაოცდა.

– არ არის წითელი ვარდები ჩემს ბაღში, – ამოიკვნესა სტუდენტმა და ცრემლით გაევსო ლამაზი თვალები, – აჰ, როგორ პატარა დეტალებზეა დამოკიდებული ბედნიერება! წამიკითხავს ყველაფერი, რაც სწავლულ კაცთ დაუწერიათ და ჩემს ხელთაა ფილოსოფიის ყველა საიდუმლო, მაგრამ წითელი ვარდის ნდომამ ჩემი ცხოვრება დააჭკნო!

– როგორც იქნა, ნამდვილი მიჯნური, – თქვა ბულბულმა, – ყოველ ღამე ვმღეროდი მასზე, თუმცა კი არ ვიცნობდი. ყოველღამე ვუყვებოდი მის ამბავს ვარსკლავებს და არ მენახა. თმა სუმბულისფერად ბნელია, ტუჩები კი იმ ვარდივით წითელი, რომელსაც ელტვის. მაგრამ ვნებამ სპილოს ძვალივით გადაათეთრა და წუხილმა შუბლზე დაასვა ბეჭედი.

– პრინცი მეჯლისს მართავს ხვალ საღამოს, – წაილუღლუღა ახალგაზრდა სტუდენტმა, – მარაქას გაერევა ჩემი სიყვარულიც. თუკი წითელ ვარდს მივართმევ, განთიადამდე იცეკვებს ჩემთან. თუკი წითელ ვარდს მივართმევ, მკლავებში მოვიქცევ და თავს დამაყრდნობს მხარზე, ხელები გადაეჭდობა ერთურთს. მაგრამ არაა ჩემს ბაღში წითელი ვარდი, ამიტომ მარტო ვიჯდები და ის გვერდს ამიქცევს. ვერც კი შემნიშნავს და ჩემს გულს დაამსხვრევს.

– აი, ესაა ჭეშმარიტი მიჯნური, – თქვა ბულბულმა, – რომლის ტანჯვასაც მე შევმღერი. რასაც მე შევხარი, მისთვის ტკივილია. მართლაც საოცარია სიყვარული. უფრო ძვირფასი, ვიდრე ზურმუხტი, უფრო იშვიათი, ვიდრე წმინდა ოპალი. მარგალიტი და ბროწეული ვერ შესწვდება მის ფასს, დახლზე არ დევს. ვაჭრებისგან ვერ იყიდი, ვერც სასწორის პინაზე გაუთანაბრებ ოქროს წონას.

– მუსიკოსები მიჩენილ ადგილებზე დასხდებიან და სიმებიან ინსტრუმენტებს ააჟღერებენ, – განაგრძო ახალგაზრდა სტუდენტმა, – ჩემი სიყვარული კი ქნარისა და ვიოლინოს ხმებზე იცეკვებს. იცეკვებს ისე მსუბუქად, ფეხს არ შეახებს მიწას და ნაირფერად გადაპრანჭული კავალერები დაეხვევიან. მაგრამ ჩემთან არ იცეკვებს, რამეთუ წითელი ვარდი არა მაქვს მისთვის, – სტუდენტი ბალახზე დაემხო, სახე ხელებში მოიქცია და აქვითინდა.

– რატომ ტირის? – იკითხა პატარა მწვანე ხვლიკმა, კუდაწეულმა რომ ჩაურბინა გვერდით.

– მართლაცდა რატომ? – იკითხა პეპელამ, მზის სხივს რომ მიჰფარფატებდა.

– მართლაცდა რატომ? – წარსჩურჩულა ზიზილამ თავის მეზობელს დაბალი, ნაზი ხმით.

– წითელ ვარდს მისტირის, – ჩამოსძახა ბულბულმა.

– წითელ ვარდს! – შესძახეს, – როგორი სასაცილოა!

პატარა ხვლიკს, ცინიკოსად ცნობილს, ხარხარი აუვარდა.

მაგრამ ბულბულს ესმოდა სტუდენტის წუხილის საიდუმლო, უხმოდ იჯდა ქვამუხაზე და სიყვარულის იდუმალებაზე ჩაფიქრებულიყო.

უცებ გაშალა ყავისფერი ფრთები და ზეცაში აიჭრა. წარაფს ჩრდილივით გადაუქროლა და ჩრდილადვე გასცურა ბაღის თავზე.

ბალახოვანი მინდვრის შუაში იდგა ვარდის ულამაზესი ხე, ბულბულმა რომ დაინახა, ახლოს მიფრინდა და ტოტზე ჩამოსკუპდა.

– მომეცი წითელი ვარდი, – დაიძახა, – და მე გიმღერებ ჩემს უტკბილეს სიმღერას.

მაგრამ ხემ თავი გააქნია.

– ჩემი ვარდები თეთრია, – უპასუხა ჩიტს, – ზღვის ქაფივით ქათქათა და მთებზე დადებულ თოვლზე უფრო სპეტაკი. მაგრამ გაფრინდი ჩემს ძმასთან, მზის ძველ საათთან რომ იზრდება და ეგებ მან მოგცეს, რაც გსურს.

ბულბული გაფრინდა ვარდის ხესთან, რომელიც მზის ძველ საათთან იზრდებოდა.

– მომეცი წითელი ვარდი, – დაიძახა, – და ჩემს უტკბილეს სიმღერას გიმღერებ.

მაგრამ ხემ თავი გააქნია.

– ჩემი ვარდები ყვითელია, – მიუგო, – ქარვის ტახტზე მჯდომი ქალთევზას თმებივით, იმ ნარგიზივით ყვითელი, მინდორში რომ ხარობს, სანამ მთიბავი მოვა ცელით. მაგრამ ჩემს ძმასთან წადი, სტუდენტის ფანჯრის ქვეშ რომ იზრდება და ეგებ მან მოგცეს, რაც გსურს.

ამიტომ ბულბული გაფრინდა ვარდის ხესთან, რომელიც სტუდენტის ფანჯრის ქვეშ იზრდებოდა.

– მომეცი წითელი ვარდი, – დაიძახა, და მე გიმღერებ ჩემს უტკბილეს სიმღერას.

მაგრამ ხემ თავი გააქნია.

– ჩემი ვარდები წითელია, – უპასუხა ჩიტს, – როგორც მტრედის ფეხები. იმ მარჯანზე წითელი, ტალღებთან ერთად რომ ირწევიან ოკეანის ფსკერზე. მაგრამ ზამთარმა ღეროები დამიზრო, ყინვამ გამითოშა კვირტები, ქარიშხალმა დამალეწა ტოტები და წელს ვარდები არ მექნება.

– ერთადერთი წითელი ვარდი მეყოფა, – დაიძახა ბულბულმა, – მხოლოდ ერთი წითელი ვარდი! ნუთუ არ არსებობს გზა მის მისაღებად?

– არის ერთი გზა, – უპასუხა ხემ, – მაგრამ ისეთი საშინელი, რომ თქმასაც ვერ გავბედავ.

– მითხარი. მე არ მეშინია.

– თუკი წითელი ვარდი გსურს, – თქვა ხემ, – მუსიკით უნდა შექმნა მთვარის შუქზე და შენივე გულის სისხლით შეღებო. ეკალზე მიბჯენილი მკერდით უნდა მიმღერო, მთელი ღამე უნდა მიმღერო, შემდეგ კი ეკალი გულს გაგიპობს, შენი მაცოცხლებელი სისხლი ჩემს ღეროებში გადმოედინება და ჩემად იქცევა.

– სიკვდილი დიდი ფასია წითელი ვარდისთვის, – დაიძახა ბულბულმა, – სიცოცხლე ყველასთვის ძვირფასია. სასიამოვნოა მწვანე ტყეში ჯდომა, ოქროს ეტლით მავალი მზისა და მარგალიტის ეტლით მავალი მთვარის ყურება. ტკბილია კუნელის სურნელი, ველზე დამალული ცისთვალები და მთებზე მიმოფანტული მანანები. თუმცა სიყვარული სიცოცხლეს სჯობია, და რა არის ჩიტის გული ადამიანის გულთან?

ამიტომ გაშალა ყავისფერი ფრთები და ჰაერში აიჭრა. ჩრდილივით გადაუქროლა ბაღს და ჩრდილივითვე შეინავარდა წარაფის თავზე.

ახალგაზრდა სტუდენტი ჯერაც ბალახზე იწვა და ლამაზ თვალებზე ცრემლი არ შეშრობოდა.

– გიხაროდეს, – დასძახა ბულბულმა, – გიხაროდეს, მიიღებ შენს წითელ ვარდს. მე შევქმნი მას მუსიკით მთვარის შუქზე და შევღებავ ჩემი გულის სისხლით. მხოლოდ იმას გთხოვ სანაცვლოდ, რომ იყავი ჭეშმარიტი მიჯნური, რადგან სიყვარული ბრძენ ფილოსოფიაზე უფრო ბრძენია, და ძლევამოსილ ძალაზე უფრო ძლევამოსილი. ცეცხლისფერია მისი ფრთები და ალისფერი მისი ტანი. მისი ტუჩები თაფლივით ტკბილია, სურნელი კი საკმეველივით საამური.

სტუდენტმა სახე ბალახს მოაშორა და ყური მიუგდო, მაგრამ ბულბულის სიტყვები არ ესმოდა, რადგან მხოლოდ ის იცოდა, რაც წიგნებში იყო დაწერილი.

მაგრამ ქვამუხამ გაიგო და დასევდიანდა, რადგანაც ძალიან მოსწონდა პატარა ბულბული, რომელსაც მის ტოტებში ჰქონდა ბუდე.

– მიმღერე ბოლოჯერ, – წაიჩურჩულა, – ძალიან მარტოდ ვიგრძნობ თავს, შენ რომ აღარ იქნები.

ამიტომ ბულბულმა უმღერა ქვამუხას, და მისი ხმა ვერცხლის დოქიდან მოწანწკარე წყალივით გაისმა.

როდესაც სიმღერას მორჩა, სტუდენტი წამოხტა და ჯიბიდან წიგნაკი და ფანქარი ამოიღო.

– ხმა ლამაზი აქვს, – თქვა თავისთვის, თან წარაფს გაუყვა, – ამას ვერ უარვყოფთ. მაგრამ აქვს კი გრძნობა? ვწუხვარ, მაგრამ არა. სინამდვილეში, სხვა ყველა ხელოვანივით, მხოლოდ გადმოცემაა, გულწრფელობის გარეშე. თავს არ გაწირავდა სხვებისთვის. მხოლოდ მუსიკაზე ფიქრობს და ყველამ იცის, რომ ხელოვნება ეგოისტურია. თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ულამაზესი ნოტები ჰქონდა ხმაში. რა სამწუხაროა, რომ არაფერს აღნიშნავს და არც პრაქტიკული სარგებელი მოაქვს, – შემდეგ საკუთარ ოთახში შევიდა, საწოლზე წამოწვა და თავის სიყვარულზე დაიწყო ფიქრი, ცოტა ხანში კი ჩაეძინა.

როდესაც ზეცა მთვარემ გაანათა, ბულბული ვარდის ხესთან მიფრინდა და მკერდი ეკალს მიაბჯინა. მთელი ღამე მღეროდა ეკალზე მკერდმიბჯენილი, ბროლის ცივი მთვარე კი თავდახრილი უსმენდა. მთელი ღამე მღეროდა, ეკალი უფრო და უფრო ღრმად ესობოდა მკერდში და მაცოცხლებელი სისხლისგან იცლებოდა.

ჯერ იმღერა სიყვარულის დაბადებაზე ბიჭისა და გოგოს გულებში, და ვარდის ხის ყველაზე მაღალ ტოტზე გასაოცარი კოკორი გაიშალა. როგორც სიმღერას მისდევდა სხვა სიმღერა, ისე ერთი ფურცლის შემდეგ იშლებოდა მეორე. თავდაპირველად მუქი ლურჯი იყო, როგორც მდინარის თავზე ჩამოწოლილი ნისლი, ფერმკრთალი, როგორც დილის ტერფები, და განთიადის ფრთებივით ვერცხლისფერი. როგორც ვერცხლის სარკეში არეკლილი ვარდი იქნებოდა, როგორც წყალში არეკლილი ვარდი იქნებოდა, ისეთივე იყო ხის ყველაზე მაღალ ტოტზე გაშლილი ვარდიც.

მაგრამ ხემ შესძახა, უფრო მეტად მიეჭირა მკერდი ეკალისთვის.

– უფრო ძლიერად, პატარა ბულბულო, თორემ დღე იქამდე მოგვისწრებს, სანამ ვარდს დავასრულებთ.

ამიტომ ბულბულიც უფრო ძლიერად მიაწვა ეკალს და უფრო ხმამაღლა გაისმა მისი სიმღერა, რადგან გალობდა მამაკაცისა და ქალწულის სულში ვნების დაბადებაზე.

ვარდის ფურცლებს ფაქიზი ვარდისფერი შეერია, როგორიც არის ხოლმე ნეფეს სახე, როდესაც პატარძალს ჰკოცნის. მაგრამ ეკალს მისი გულისთვის ჯერაც არ მიეღწია და ვარდის გულიც თეთრი რჩებოდა, რადგან მხოლოდ ბულბულის გულის სისხლს შეეძლო წითლად დაეფერა ვარდის გული.

ხემ შესძახა, უფრო ძლიერად მისწოლოდა მკერდით ეკალს.

– უფრო ძლიერად, პატარა ბულბულო, თორემ დღე იქამდე მოგვისწრებს, სანამ ვარდს დავასრულებთ.

ამიტომ ბულბულიც უფრო ძლიერად მიაწვა ეკალს, რომელიც მის გულს შეეხო და ულმობელმა ტკივილმა დაუარა სხეულში. მწარე, მწარე იყო ტკივილი და სულ უფრო  და უფრო გახელებით გალობდა ბულბული, რადგან იმ სიყვარულზე მღეროდა, რომელსაც სიკვდილი აქცევს სრულყოფილებად, სიყვარულზე, რომელიც საფლავში არ კვდება.

საოცარი ვარდი მეწამული გახდა, როგორც აღმოსავლეთის ცის ვარდი. მეწამული იყო მისი ფურცლებიც და ლალივით წითელი იყო ვარდის გული.

მაგრამ ბულბულის ხმა მისუსტდა, ფრთები ააფრთხიალა და თვალებზე ლიბრი გადაეკრა. სულ უფრო სუსტდებოდა მისი ხმა და გრძნობდა, თითქოს ყელში რაღაც უჭერდა.

შემდეგ უკანასკნელი ჰანგი ამოუშვა. თეთრმა მთვარემ გაიგონა, აისი გადაავიწყდა და ცაში შეყოვნდა. წითელმა ვარდმაც გაიგონა, აღტაცებით აცახცახდა და ფოთლები დილის ცივ ჰაერს მიაგება. ექომ მთის იისფერ გამოქვაბულებამდე მიიტანა და მძინარე მწყემსები გამოაფხიზლა სიზმრებიდან. ექო მდინარის ლერწმებზე ატივტივდა და მათ ზღვას გადასცეს ბულბულის სათქმელი.

– შეხედე, შეხედე! – დაიყვირა ხემ, -ვარდი მზადაა.

მაგრამ ბულბულს პასუხი აღარ გაუცია. ეკლით გულგანგმირული, მკვდარი იწვა მაღალ ბალახებში.

შუადღისით სტუდენტმა ფანჯარა გააღო და გარეთ გამოიხედა.

– როგორ გამიმართლა! – შესძახა მან, – აი, წითელი ვარდი! ასეთი ვარდი ცხოვრებაში არ მინახავს. ისეთი ლამაზია, ეჭვი არ მეპარება, გრძელი ლათინური სახელი უნდა ჰქონდეს.

დაიხარა და მოწყვიტა.

შემდეგ ქუდი დაიხურა და პროფესორის სახლისკენ წავიდა ხელში ვარდით.

პროფესორის ქალიშვილი შესასვლელში იჯდა და ლურჯი აბრეშუმის ძაფს ახვევდა ჯარაზე. მისი პატარა ძაღლი ფეხებთან ეწვა.

– თქვენ მითხარით, რომ ჩემთან იცეკვებდით, თუკი წითელ ვარდს მოგართმევდით, – წამოიძახა სტუდენტმა, – ესაა ყველაზე წითელი ვარდი ამქვეყნად. დღეს გულთან ახლოს დაიბნიეთ და ჩვენ რომ ვიცეკვებთ, იგი გეტყვით, როგორ მიყვარხართ.

მაგრამ გოგომ შუბლი შეიკრა.

– ვშიშობ, ჩემს კაბას არ მოუხდება, – უპასუხა, – თანაც, კამერჰერის ძმისწულმა ნამდვილი ძვირფასი ქვები გამომიგზავნა და ყველამ იცის, რომ ძვირფასეულობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ყვავილები.

– მაშ, ძალიან უმადური ყოფილხართ, – თქვა სტუდენტმა ბრაზიანად და ვარდი ქუჩისკენ გაისროლა. ყვავილი არხში ჩავარდა და მაშინვე ეტლის თვალმა გადაუარა.

– უმადურიო? – გაბრაზდა გოგო, – თქვენ კი ძალიან უხეში. და თანაც, ბოლოს და ბოლოს, ვინ ბრძანდებით? მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტი. მეტსაც გეტყვით, ვგონებ ვერცხლის ბალთებიც კი არ გაქვთ, კამერჰერის ძმისწულივით ფეხსაცმელზე რომ დაიმაგროთ. 

სკამიდან წამოდგა და სახლში შევიდა.

– რა სისულელე ყოფილა სიყვარული, – დაასკვნა უკან გაბრუნებულმა სტუდენტმა, – იმის სანახევროდ სასარგებლოც კი არაა, როგორც ლოგიკა, რადგან არაფერს ამტკიცებს და სულ რაღაც ისეთს გპირდება, რაც არ მოხდება, ან რაღაც ისეთებს გაჯერებს, რაც სინამდვილე არაა. ძალიან არაპრაქტიკულია და ახლა ისეთი დრო დგას, პრაქტიკულობა ყველაფერია. ფილოსოფიას დავუბრუნდები და მეტაფიზიკას შევისწავლი.

თავის ოთახში დაბრუნდა, დიდი, მტვრიანი წიგნი გადმოიღო და კითხვას შეუდგა.

Comment